პედოფილიის საფრთხე ქართულ ინტერნეტ სივრცეში
კატეგორიაუსაფრთხოება
ნახვები: 1851

პედოფილიის საფრთხე ქართულ ინტერნეტ სივრცეში

ტექნოლოგიურმა პროგრესმა უამრავი კომფორტი მოგვიტანა. ჩვენ შეგვიძლია შევიძინოთ პროდუქტები სახლიდან გაუსვლელად, ვესაუბროთ ადამიანებს ასეული კილომეტრების დაშორებით, მივიღოთ განათლება დისტანციურად, ვაკეთოთ ბიზნესი, უმოკლეს დროში მოვიძიოთ ნებისმიერი ინფორმაცია, მაგრამ ყველა ეს სარგებელი, რომელიც ხშირად უფასოდ და ლამაზი შეფუთვით მოგვეწოდება, სრულიადაც არ არის უფასო. მათ კონკრეტული ფასი აქვთ და ეს ფასი არის საფრთხეები, რომლებიც ყველა ფრონტზე გვაქვს და განსაკუთრებით კი იქ, სადაც ყველაზე მოწყვლადები არასრულწლოვანი ბავშვები არიან, რომლებსაც კომპიუტერი, სმარტფონი და ინტერნეტი შესაძლებლობებთან ერთად ფანჯარას უამრავი ცდუნებისა და საფრთხის სამყაროში უხსნის.

ინტერნეტი შლის საზღვრებს როგორც შესაძლებლობების მხრივ, ისე საფრთხეების ნაწილში. ნარკოტიკებით ვაჭრობა, იარაღი, აზარტული თამაშები, ფსიქოლოგიური მანიპულაციები, რომლებსაც არასრულწლოვნები თვითმკვლელობამდე მიყავთ და პედოფილია. გლობალურადაც და ასევე საქართველოში, ინტერნეტი არის თავშესაფარი უამრავი ფსიქოპატისა და კრიმინალის. ყველა ქალაქს აქვს ასეთი ადგილები, სადაც ნარკოტიკების მომხმარებლების და პროსტიტუციის ჰაბია. წარმოიდგინეთ, არასრულწლოვანი ბავშვი, რომ იქ მოხვდეს თქვენი ყურადღების გარეშე, მაშინ როცა ფიქრობთ, რომ ის პარკში ან სკვერში თამაშობს თანატოლებთან ერთად. დაახლოებით იგივე შეიძლება მოხდეს კიბერ სივრცეშიც. ეს უკონტროლო სივრცეა და ის, რომ საქართველოში თითქმის არ გვაქვს პრევენციული მექანიზმები დანერგილი სახელმწიფო დონეზე, ამ სივრცეში მოქმედებას კიდევ უფრო მეტი მიმზიდველობა და ანონიმურობა გააჩნია.

თქვენ ბავშვს შეიძლება გაეცნოს ადამიანი თანატოლის სახელით, ყალბი სოციალური პროფილით, გამოიწვიოს საუბარში, შთააგონოს გარკვეული სურვილები, გაუზიაროს პორნოგრაფიული მასალები და განაწყოს მისთვის სასურველი განვითარებისთვის. ასეთი რამ ძალიან ხშირია სხვა ქვეყნებში, იგივე აშშ-ს მაგალითზე, ხშირად ამბობენ პროპაგანდისტული ნარატივით, რომ გარყვნილებისა და პედოფილიის სიჭარბეა, თუმცა ეს ასე არ არის, მათი სისტემა უბრალოდ აწყობილია იმგვარად, რომ მაქსიმალურად გამოავლინოს ყველა ასეთი ფაქტი და მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე ასეთი შემთხვევებიც უფრო ხშირად ჩანს. არ არის გამორიცხული, რომ მოსახლეობის ხვედრითი წილით შედარებისას, საქართველოში ბევრად მეტიც კი იყოს ასეთი ფაქტი. ჩვენ უბრალოდ ხშირად არ გვაქვს ობიექტური სტატისიკა, არც სკოლებში ექცევა ამ საკითხებს ყურადღება.

როგორ დავიცვათ ბავშვები ინტერნეტ სივრცეში გაჩაღებული პედოფილიისგან

რჩევები მშობლებს:

პირველი რჩევა ნებისმიერი საფრთხის პრევენციისთვის, მათ შორის კიბერ სივრცეშიც არის უბრალოდ მეტი კომუნიკაცია ბავშებთან.

არსებობს კომპიუტერის კონტროლის უამრავი იაფ ფასიანი ან სრულიად უფასო პროგრამული უზრუნველყოფა (Parental controls). საკმარისია დაინტერესდეთ და Google-ის მარტივი ძიებით უამრავ ასეთ პროგრამას იხილავთ რეიტინგებით და მარტივად გასაგები აღწერილობით. უბრალოდ ძებნაში მიუთითეთ Parental controls ან Child control, internet safety software.

გამოიყენეთ ოპერაციული სისტემის შეზღუდვები, როგორც კომპიუტერზე, ისე სმარტფონებზე (მაგ. Apple-ის მოწყობილობებზე Screen Time). ეს ინფორმაციაც თავისუფლად მოძიებადია როგორც სტატიების, ისე ვიდეო გაკვეთილების სახით თითქმის ყველა ენაზე.

უსაფრთხოების დამატებითი არსენალისთვის შეიძინეთ WiFi მოწყობილობა Parental Control ფუნქციებით, რომელიც უამრავია ბაზარზე და არ დასჯერდეთ მხოლოდ თქვენი ინტერნეტ პროვაიდერის მიერ მოწოდებულ აპარატურას;

დადგით ბავშვის კომპიუტერი მისაღებ ოთახში ან საზიარო სივრცეში, სადაც მას არ ექნება        ცდუნება სხვაგვარად გამოყენების და თავიდანვე მიეჩვევა ტრანსფარენტულობას, ამგვარი დეტალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადამიანის ფსიქოტიპის ფორმირებაში და მათ შემდგომ სამუშაო ეთიკაზეც კი აისახება;

დააწესეთ ლიმიტი კომპიუტერისა და სმარტფონის გამოყენებაზე;

შეათანხმეთ წესები და ამ წესებზე იქონიეთ პოზიტიური კომუნიკაცია ბავშვებთან;

თავად აჩვენეთ მაგალითი.

მშობლებს გაცილებით მეტი გვევალება ვიდრე შვილების უსაფრთხო და უზრუნველი გარემოს შექმნაა. სწორედ აქ არის ჩვენი მთავარი როლი. ისევე როგორც სხვა დანარჩენ ყოფით საკითხებში, აქაც მოგვეთხოვება ვიყოთ მაგალითი, როლური მოდელი შვილებისთვის. აჩვენეთ ტექნოლოგიების სარგებელი შვილებს თქვენსავე მაგალითზე.