ინოვაციური პლატფორმა, რომლის პოპულარიზაციაც ილონ მასკმა მოახდინა, უკვე საქართველოშიც გახდა დიდი აჟიოტაჟის მიზეზი. მარტივად რომ ვთქვათ ეს არის სოციალური-მედია აპლიკაცია, რომელიც მხოლოდ აუდიო კომუნიკაციას ეფუძნება. ბევრი მას რადიო კომუნუკაციას ადარებს. მისი ექსკლუზიურობა, პლატფორმაზე მოხვედრის სირთულე და კომუნიკაციის განსხვავებული ფორმა ძალიან მომხიბვლელია მომხმარებლებისთვის. აქ შეგიძლიათ შეხვდეთ ისეთ პოპულარულ ადამიანებს როგორიც ილან მასკი, მარკ ზაკერბერგი და სხვა გლობალური ინფლუენსერები არიან.
პრინციპი მარტივია, ავტორი ხსნის ვირტუალურ ოთახს, სადაც შეუძლია თავად იყოს სპიკერი ან ყავდეს კიდევ რამოდენიმე, დაახლოებით ისე როგორც ეს კონფერენციებზე ხდება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დააფიქსიროს ვირტუალური ხელის აწევა, ანუ გამოთქვას კითხვის დასმის ან კომენტირების სურვილი და თუ ავტორი ან სპიკერები მას ნებას დართავენ, ჩვეულებრივ ადამიანებს შესაძლებლობა ექმნებათ სამყაროს გლობალურ ლიდერებს უშუალოდ მიმართონ. პლატფორმას უკვე იყენებენ საქართველოშიც და არ არის აუცილებელი მულტი მილიარდიანი ინდუსტრია გქონდეს იმისათვის, რომ საკუთარი ოთახი შექმნა და აქტუალურ ან ზოგად საკითხებზე აუდიო დისკუსია გამართო.
ClubHouse-ში მოსახვედრად საჭიროა მოგიწვიოთ არსებულმა წევრმა. პრინციპი იგივეა რაც სხვადასხვა ელიტარულ კლუბებში, როგორც მაგალითად გოლფ კლუბი, იახტ კლუბი ან სხვა თემატური ორგანიზაციებია. ეს ერთგვარი მცდელობაა რეალური ცხოვრების ელიტიზმის ვირტუალურშიც დამკვიდრდეს. განსხვავებით სხვა სოციალური მედია სტრიმებისგან, როდესაც ესა თუ ის კომუნიკაცია იწერება და შემდეგ მაინც რჩება ხელმისაწვდომი ვიდეოს თუ აუდიოს სახით ქლაბჰაუსის კომუნიკაცია პირდაპირ ეთერში ტრანსლირდება და ჩანაწერები არ ინახება. შეუძლებალია კომუნიკაციის გადახვევა ან დაბრუნება და ჩანაწერის მოსმენა.
სოც-მედიის ახალი პლატფორმა სინამდვილეში 2020-ის მარტიდან ფუნქციონირებს, მაგრამ როგორც კი რამოდენიმე დღის წინ ილან მასკმა თავისი პირველი აუდიო-ჩატი გამართა მომხმარებელთა რაოდენობა ორ მილიონამდე გაიზარდა.
აპლიკაცია ამ ეტაპისთვის მხოლოდ Apple Iphone მოწყობილობებზეა ხელმისაწვდომი და მისი გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ მათ ვისაც iPhone 7 ან უფრო ახალი ტელეფონი აქვს. თუმცა, ანდროიდ ვერსიას ტელეფონის სხვა მწარმოებლებისთვის უკვე ქმნიან დეველოპერები. პლატფორმაზე აპლიკაციის ავტორები საინტერესო სიახლეებს გვპირდებიან, როგორიცაა ფულის გადახდისა და მიღების ოფციები. ის უკვე განსაკუთრებით პოპულარულია ჩინეთში, სადაც მომხმარებლებისთვის ცენზურისგან თავისუფალი სივრცე შვებად იქცა მათთვის, ვისაც საკუთარი აზრის გამოხატვის პრობლემა ქონდა სამთავრობო თვალთვალისა და შეზღუდვების პირობებში.